„მედიქალ ვორლდი” სამედიცინო და პრემიუმ-ხარისხის სპა-ველნეს-აპარატურის ლიდერი იმპორტიორი და მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიათა უმსხვილესი ქსელია საქართველოში. კომპანიის წარმატების ისტორია 20 წლის წინ, ქობალიების ოჯახმა ულტრაბგერითი აპარატების შემოტანით დაიწყო. წლების შემდეგ, როდესაც ბიზნესის მართვა შვილმა ლევან ქობალიამ გადაიბარა, სამედიცინო აპარატურის იმპორტს, ველნეს-სპა-დანადგარებისა და ლაბორატორიული კვლევების მიმართულება დაემატა. დღეს კომპანია საქართველოში ამ ბაზრის 37%-ს აკონტროლებს, 30-ზე მეტ მსოფლიო ბრენდს წარადგენს და 150-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს.

სამედიცინო მომსახურების მიღებისას მომხმარებლები ხშირად მთავარ აქცენტს მაღალკვალიფიციურ თერაპევტებზე, ქირურგებსა თუ ლაბორანტებზე ვაკეთებთ, თუმცა ბევრი ჩვენგანი სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების ეპოქაში ხშირად იმ სამედიცინო აღჭურვილობაზე – დანადგარებსა და აპარატებზეც ვამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გვხვდება. დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიები ხომ უფრო სწრაფი, ზუსტი და სანდო სამედიცინო სერვისის მიღების შესაძლებლობას იძლევა.

Physiomed-ი, meden inmed-ი , Labtech-ი, Alltion-ი, Benchmark-ი, Resonance-ი, Сomen-ი – სამედიცინო სფეროში დასაქმებულთათვის სამედიცინო დანადგარებისა და აპარატურის მწარმოებელი ეს მსოფლიო ბრენდები კარგად ნაცნობია. საქართველოში ამ და სხვა წამყვანი ბრენდების წარდგენა 2003 წლიდან მარინე დუნდუამ და დავით ქობალიამ საოჯახო ბიზნესის დაფუძნებით დაიწყეს. ბიზნესმა, რომელმაც ოპერირება Medical World-ის სახელით დაიწყო, სამედიცინო დარგის ადგილობრივ მოთამაშეებს შორის სახელი მალე მოიხვეჭა. 2015 წლიდან ქობალიების საოჯახო საქმეს მათი შვილი ლევან ქობალია შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, ერთმა შემთხვევამ და ბიზნესში მშობლების მხარდაჭერამ პროფესიით პროგრამისტის სამომავლო საქმიანობა სრულად განსაზღვრა. სწორედ მან გადაიბარა კომპანიის მართვის სადავეები და Medical World-ის ახალი მიმართულებების განვითარება დაიწყო: ჯერ გამაჯანსაღებელი და თანამედროვე სპა-დანადგარების იმპორტი, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევების დაწყება და განვითარება. კომპანია დღეისთვის სამედიცინო, ველნეს- და სპა-აღჭურვილობის მიმართულებით თანამედროვე დანადგარების ბაზრის 33%-ს, ხოლო ლაბორატორიული სერვისების მიმართულებით 37%-ს ფარავს და 150 სამუშაო ადგილს ქმნის.

კომპანიის საქმიანობაში საკუთარ ჩართულობაზე და თითოეული დასაქმებულის პოზიციიდან დანახულ ოჯახურ ბიზნესზე დეტალურად ლევან ქობალიამ Forbes Georgia-სთან ისაუბრა.

ლევან, მოდი, საუბარი ბიზნესში თქვენი მოსვლით დავიწყოთ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ საოჯახო ბიზნესში ჩართვა და, დღევანდელი გადასახედიდან, რამდენად გაამართლა ამ გადაწყვეტილებამ?

Medical World-ში ჩემი გააქტიურება 2015 წელს აპარატურის შემოტანას უკავშირდება. მშობლებს ჩემი დახმარება დასჭირდათ და ამის შემდეგ მივხვდით, რომ ოთხი დედმამიშვილიდან ბიზნესში სწორედ მე უნდა ჩავრთულიყავი. ეს შემთხვევით მოხდა, თუმცა ამ საქმიანობით დავინტერესდი, მისი ყველა რგოლის გამართული მუშაობის პრინციპში გავერკვიე. ალბათ სწორედ ამიტომ მშობლებმა მალევე გადაწყვიტეს, რომ კომპანიის მართვა ჩემთვის მოენდოთ.

რა შეიცვალა კომპანიის სათავეში თქვენი მოსვლით – როგორია თქვენი მიდგომები?

მიმაჩნია, რომ კომპანიაში მთავარი ადგილი თანამშრომლებს უკავიათ, ამიტომაც ბიზნესს მათ მხარდამხარ ვმართავ. ვმსჯელობთ, ვიღებთ გადაწყვეტილებებს და ვვითარდებით. სამივე მიმართულებით ნებისმიერი რგოლის დონეზე ჩემი ჩართულობა მაქსიმალურია და რადგან ეს საქმე მაინტერესებს, დასახული მიზნის მისაღწევად სრულად ვიხარჯები. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა თანამშრომლებს დიდ მოტივაციას აძლევს, რადგან გუნდურობა ბიზნესის მთავარი გამწევი ძალაა. ამგვარი მართვის სტილისა და თანამშრომლების ჩართულობის დამსახურებაა ის პოზიციები, რომლებიც ბაზარზე დღეს გვიკავია.

პოზიციები ახსენეთ და უნდა ვთქვათ, რომ Medical World-ს სამედიცინო და გამაჯანსაღებელი-­სპა მიმართულებით აღჭურვილობის იმპორტის დიდი გამოცდილება დაუგროვდა. რას სთავაზობთ პარტნიორებს და რამდენად ცნობადია დღეს კომპანია ადგილობრივ ბაზარზე?

ვფიქრობ, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პოზიციები საკმაოდ მყარია. სამედიცინო დაწესებულებებს აღჭურვილობის სრულ სპექტრს და, ამასთან, გაყიდვის შემდგომ დანადგარების გამართული ფუნქციონირებისთვის ტექნიკურ მომსახურებას ვთავაზობთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია; დიდი ყურადღება ეთმობა ველნეს- და სპა-მიმართულებით ყველა საჭირო და თანამედროვე დანადგარების შემოტანას. ამ კუთხით 2015 წლიდან ვმუშაობთ და არაერთი პროექტი გვაქვს შესრულებული. 2017 წლიდან კი ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი ქსელური ლაბორატორია შევქმენით, რომელიც ადგილზე ჩვენს მომხმარებელს და პარტნიორებს 800-ზე მეტ ლაბორატორიულ კვლევას სთავაზობს. დღეს Medical World-ის ლაბორატორიები ქვეყნის 12 ქალაქში 14 ფილიალითაა წარმოდგენილი.

ვცდილობთ, მსოფლიოში სამედიცინო აპარატურის ტექნოლოგიურ განვითარებას ავუწყოთ ფეხი და ყოველწლიურად ბაზარს ახალი, ინოვაციური პროდუქტები შევთავაზოთ. ერთ-ერთი იმ კომპანიათაგანი ვართ, ვინც სამედიცინო სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს, რისთვისაც ჩვენი თანამშრომლები მსოფლიოში დაგეგმილ არაერთ ტრენინგს ესწრებიან, საერთაშორისო გამოცდილებას იღებენ და მიღებული ცოდნა საქართველოში ჩამოაქვთ. ამგვარად, სამედიცინო, ველნეს- და სპა- აღჭურვილობის იმპორტით ბაზრის 33%-ს, ხოლო ლაბორატორიული სერვისების მიწოდების კუთხით 37%-ს მოვიცავთ, რაც, ვფიქრობ, ჩვენი პოზიციონირების კარგი მაჩვენებლებია.

კომპანია საქართველოში არაერთი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობისა და ტექნიკის ბრენდის წარმდგენია. რამდენად მარტივია მცირე ბაზარზე მსოფლიო ბრენდების მოზიდვა და შენარჩუნება?

დღეისთვის საქართველოში სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ 30-ზე მეტ კომპანიას წარმოვადგენთ. რეალურად აღჭურვილობის შემოტანა და დანერგვა დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული. ეს, პირველ რიგში, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაა, რის შემდეგაც სადემონსტრაციო აპარატურა ჩამოგვაქვს და სამედიცინო დაწესებულებებს მათი გამოცდის შესაძლებლობას ვაძლევთ.

ქვეყანაში სამედიცინო კვლევებისა თუ სხვა მიმართულებით ინოვაციური მიდგომების შემოტანის მიზნით, ყოველწლიურად სხვადასხვა გამოფენას ვესწრებით. პარტნიორებთან ურთიერთობა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა. ძალიან ბევრი კომპანია თავად გამოთქვამს თანამშრომლობის სურვილს. ამასთან, დღეს უკვე კავშირები ახალი კომპანიების გაცნობა-მოზიდვის პროცესში ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ჩვენი პარტნიორები რეკომენდაციებს გვიწევენ როგორც სანდო, ავტორიტეტულ და გამოცდილ კომპანიას.

ქვეყანას ველნეს- და სპა-მიმართულების განვითარების დიდი რესურსი აქვს, ამ მხრივ ბოლო პერიოდში სახელმწიფოც გააქტიურდა. როგორია თქვენი შეფასება – რამდენად განვითარებულია დღეს ქვეყანაში ეს მიმართულება და თქვენ რა წვლილი შეგაქვთ ამ პროცესში?

ფიზიკური თერაპიისა და რეაბილიტაციის კუთხით გამოცდილება ქვეყანაში დიდია, თუმცა ის უფრო ძველ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული. სიახლეები კი ნაკლებადაა ცნობილი. თანამედროვე ტექნოლოგიები საბჭოთა მიდგომებისგან მკვეთრად განსხვავდება… ისინი ბევრად განვითარებული და დახვეწილია. ამიტომ ვთვლი, რომ შემორჩენილი საბჭოთა მიდგომები უნდა შეიცვალოს და ქვეყანა ახალ სტანდარტებზე უნდა გადაერთოს, მით უფრო მაშინ, როცა ამ მხრივ ძალიან დიდი რესურსი არსებობს. თანამედროვე ტექნოლოგიების ველნეს- და სპა-მიმართულებაში დანერგვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებთ და ბაზარზე უცხოური კომპანიების ალტერნატივას წარმოვადგენთ.

ფიზიოთერაპია – რეაბილიტაციაში დღეს იმ მსოფლიო ბრენდების აპარატურა შემოგვაქვს, რომლებიც კლინიკებისა და გამაჯანსაღებელი ცენტრებისთვის საუკეთესო აღჭურვილობას აწარმოებენ. ჩვენი სპა- და ველნეს-მიმართულება ჰიდროთერაპიების მეტად განვითარებულ დანადგარებსა თუ აპარატურას მოიცავს, თუმცა ვფიქრობთ, ამ კუთხით კიდევ უფრო მეტი ტექნოლოგიაა დასანერგი. დღეისთვის პროექტები კურორტ საირმეში, ბორჯომში, წყალტუბოსა და ქობულეთში გვაქვს. მიმდინარედ კი სამ დიდ პროექტში ვართ ჩართულნი. ველნეს- და სპა-მიმართულებით რეალური პრაქტიკა ქვეყანაში მხოლოდ საუნებითა და საცურაო აუზებით იყო შემოფარგლული, ჩვენი დანადგარები კი სამედიცინო დანიშნულებისაა და მათ გამოყენებას სპეციალური გადამზადება სჭირდება. ეს მომავლის საქმიანობაა, რომელიც, ვთვლი, რომ ქვეყანაში ძალიან სწრაფად განვითარდება.

ლევან, რამდენიმე წელია, Medical World-მა აპარა­ტურის იმპორტთან ერთად ბიზნესის ახალი ხაზი – ლაბორატორიები განავითარა. როგორც საუბრისას აღნიშნეთ, მომხმარებელს სერვისის ფართო სპექტრს ქვეყნის მასშტაბით გაშლილი 14 ფილიალით სთავაზობთ…

იცით, Medical World-ის ლაბორატორიების ჩვენი უპირატესობა რეგიონებში ლაბორატორიული ცენტრების არსებობაა, რომლებიც პაციენტებს მაღალი ხარისხის სერვისს ადგილზე სთავაზობენ. ამისთვის რეგიონებში გადავამზადეთ კადრები – ექიმი-ლაბორანტები და ექთნები, რომლებიც მოქალაქეებს საერთაშორისო სტანდარტებით გაწერილი პროტოკოლით ემსახურებიან. ამასთან, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ჩვენ წელს გავიარეთ აკრედიტაცია და წელიწადში ოც ექიმ-ლაბორანტს რეზიდენტურის გავლა შეეძლება. ამგვარად ისინი სპეციალისტებად ჩვენთან ყალიბდებიან. ეს კი კომპანიაში კადრებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ბაზრისთვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადების საშუალებას გვაძლევს.

 

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ლაბორატორია ხარისხის გარეკონტროლს გადის და კვარტალურად ანალიზების ნიმუშებს გერმანიიდან ვიღებთ, რომლებზეც ჩვენს ფილიალებში კვლევებს ვაწარმოებთ. შედეგები კვლავ გერმანიაში იგზავნება. ამგვარად მოწმდება, რამდენად შეესაბამება ჩვენი კვლევის სტანდარტები საერთაშორისო მოთხოვნებს. გარეკონტროლი ცხადყოფს, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევები საერთაშორისო მოთხოვნების იდენტურია.

სამედიცინო აღჭურვილობის ნაწილში ბაზარზე თითქმის ყველა მსხვილ კლინიკასთან ვთანამშრომლობთ როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და ქვეყანაში მოქმედი დაწესებულებების 95% სწორედ ჩვენი ტექნიკა-დანადგარების მომხმარებელია როგორია დღეს სამედიცინო აღჭურვილობაზე მოთხოვნა და თქვენ როგორ ახერხებთ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას? დიახ, მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და მიწოდებაც შესაბამისად მზარდია. სერვისების მხრივ ძალიან მოქნილები ვართ, 24 საათის განმავლობაში როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ნებისმიერ წერტილში ჩვენი ინჟინრების გუნდი მზად არის ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად და, შესაბამისად, არსებულ მოთხოვნას თავს წარმატებით ვართმევთ.

ამბობთ, რომ მოთხოვნას პასუხობთ, თუმცა 2023 წელი მოდის… პოსტპანდემიური რეალობის გააზრების შემდეგ, შექმნილი ვითარება ბიზნესის გაფართოებისკენ ხომ არ გიბიძგებთ – რა სიახლეებს უნდა ველოდოთ კომპანიისგან 2023 წელს?

მომავალ წელს ბევრად უფრო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე ვართ ორიენტირებულნი. რადიოლოგიაში ულტრაბგერით აპარატებს ველით, რომლებიც ქვეყანაში არსებულ აპარატებზე მაღალტექნოლოგიური იქნება.

ამასთან, ბიზნესის განვითარების სტრატეგია მომავალი წლიდან ესთეტიკური მედიცინის მიმართულების ათვისებას მოიცავს. ამ ეტაპზე მსოფლიოში ლაზერების მწარმოებელ ერთ-ერთ წამყვან ბრენდთან გვაქვს მოლაპარაკებები და 2023 წელს პარტნიორებს მაღალტექნოლოგიურ ლაზერის აპარატებს შევთავაზებთ.

ლაბორატორიების ნაწილში კი მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ახალქალაქში, ფოთში, ზუგდიდში, თელავსა და ახალციხეში ფილიალები გახსნა. ჩვენი შემდეგი მიზანი 2023 წელს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – მესტიასა და ამბროლაურში ფილიალების გახსნაა. ფილიალის გახსნას გურჯაანშიც ვგეგმავთ.

ყოველივე ამისთვის დაახლოებით 1.5 მლნ ლარის ინვესტირებას ვგეგმავთ, რაც, ჩვენი გათვლებით, მომდევნო წელს Medical World-ის ბრუნვას 15%-ით გაზრდის.

 

ფოტო: ნიკა ფანიაშვილი / Forbes Georgia